ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ყველა სახის ბიზნესი დროულად უნდა გაიხსნას, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ისინი მექანიკურად ამუშავდება.
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
ხუხაშვილის შეფასებით, ბიზნესის რესტარტი არაა ადვილი, ამიტომ მათ რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ.
“რაც მალე გაიხსნება ბიზნესი, ეს კარგია. მაგრამ ჩვენ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბიზნესები მექანიკურად გაიხსნება. ეს ბიზნესები დახურულია ობიექტური მიზეზების გამო და მათი რესტარტი ასეთი ადვილი არ არის. მათ რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა უბრალოდ სუნთქვისთვის უფლების მიცემა. თუ ადამიანი ავადაა და სუნთქვის უფლებას მისცემ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის განიკურნება,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამასთან, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.