“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) დირექტორის მოადგილის, ირინა გურული განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ბევრი რამ ბუნდოვანია, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებებს შორის ბმა არ არის.
ამის შესახებ ირინა გურულმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ირინა გურულმა აღნიშნა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აღდგება და შესაბამისად, მომხმარებლები ბაზრებზე მისვლას ვერ მოახერხებენ, მოვაჭრეებსაც აღრა უღირთ გასვლა და მუშაობა.
“მთავრობის გადაწყვეტილებებს შორის ბმა არ არის. თუკი აგრარულ ბაზრებზე ტრანსპორტის უქონლობის გამო მომხმარებელი ვერ მივა, იქ მოვაჭრეებს ყოველდღიური გადასახადი აქვთ, ამ შემთხვევაში უბრალოდ აღარ გავლენ. შესაძლოა ბაზრები გაიხსნას, მაგრამ მოვაჭრეებს იქ მისვლა აღარ უღირდეთ. მთავრობის ნაბიჯებში რაღაცეები ბუნდოვანია და იმედი მაქვს, უფრო მეტი სიცხადე შემოვა,”- აცხადებს ირინა გურული.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების პირველი ეტაპის ფარგლებში, 27 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართულია. ხოლო, 5 მაისიდან ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა.