ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თანამშრომელთა ინფიცირების გამო მარნეულში სასწრაფო დახმარების პერსონალი შეიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები სხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი თანამშრომლებით შეიცვალნენ. სხვადასხვა რეგიონიდან მარნეულში სულ ექვსი ჯგუფი ჩავიდა – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მარნეულის სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. შესაბამისად, მიღებული იყო ეპიდემიოლოგიური კუთხით ის ადეკვატური ზომები, რაც გულისხმობს კონტაქტების გამოვლენას და რისკჯგუფების აღმოჩენას. ამ ადამიანების გადაყვანა მიმდინარეობს საკარანტინე დაწესებულებებში იზოლირებულ პირობებში.

ვინაიდან საჭირო არის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნდეს უწყვეტი გადაუდებელი დახმარების სერვისი, ამ მიზნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პერსონალი ჩამოვიყვანეთ. ისინი სრულად ჩაანაცვლებენ იმ პერსონალს, რომელიც მარნეულში ახორციელებდა ამ სერვისის მიწოდებას.

შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო გადაუდებელი სერვისის მიწოდება გრძელდება უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....