„პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, მაგრამ ზოგადად, სამედიცინო პერსონალის დაზიანება გვაქვს 12.7 პროცენტი მთლიანად დაინფიცირებულებში. ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის 32 პროცენტი, ტესტირება რომ მიზანდასახულად ტარდება ქვეყანაში, სწორედ ამის საშუალებით იქნა გამოვლენილი ის რაოდენობა, რაც არის, 189 ადამიანი მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. ამიტომ, ვისაც სჭირდება, მას ტესტირება აუცილებლად უტარდება. არანაირი ინფორმაცია არ დამალულა, ქვეყანაში გვაქვს 12.7 პროცენტი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ მთლიანად. ეს არის დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი“
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.
დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.