რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და “საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას ისევ ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ, განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“რეგიონში ზოგადი მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით.” ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვის სამინისტრო გაღიზიანებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დევნილების დაბრუნების თაობაზე და წერს:
“ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველო ყოველწლიურად შემოაქვს” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეოს თქმით, აღსანიშნავია “წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლური განცხადებები”.