კორონავირუსის ექსპერიმენტული წამალი, რემდესივირი, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად – ამის შესახებ ინფორმაციას newposts-ი საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
რემდესივირი კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სანქცირებული და ოფიციალურად დასაშვები სამკურნალო პრეპარატია.
“ეს გახლავთ მნიშვნელოვანი კლინიკური წარმატება, რომელმაც სტატისტიკურად მრავალი პაციენტის შემთხვევაში დადებითად იმოქმედა; დაავადებული ადამიანები, რომლებსაც რემდესივირით უმკურნალეს, ძალიან მალე გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან. ეს არის პირველი ავტორიზებული თერაპია COVID 19-ის წინააღმდეგ“, – განაცხადა ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის უფლებამოსილმა პირმა, სტეპენ ჰანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რემდესივირი დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კორონავირუსით ლაბორატორიულად დადასტურებულ ინფიცირებულ ადამიანებსა და იმ კრიტიკულად მძიმე პაციენტებზეც კი, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე აღენიშნებათ, სჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ვენტილატორები. პრეპარატის გვერდითი მოვლენები მოიცავს ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს, რაც შესაძლოა იყოს ნიშანი ანთების ან ღვიძლის უჯრედებში კონკრეტული დაზიანებებისა, ასევე – დაბალი არტერიული წნევა, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და ცახცახი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში პაციენტებთან სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირის” გამოყენება არ ხდება, ვინაიდან უამრავი ფაქტი არსებობს, რომ ის დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა.
შეგახსენებთ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.
ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა. ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.
“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.