ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქნება შემთხვევებიც, როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ინფიცირების რიცხვის ყოველდღიური მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ პიკი გადაიარა.
“დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმთელებულების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ის, რომ რამდენიმე დღის წინ, დაინფიცირებულების რიცხვი 40-ს აღემატებოდა და დღესდღეობით, მხოლოდ 10-მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად, ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია,”- აცხადებს ტიკარაძე.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, განხორციელებული ღონისძიებები და დაწესებული შეზღუდვების შედეგია, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი არაა.
“მესმის, რომ ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და ეს არის ძალიან რთული, გვჭირს გადაადგილება და ტრანსპორტი შეზღუდულია, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს სოციალური დისტანცირება უმკაცრესად დავიცვათ, რის შედეგადაც დღეს ჩვენ 2000 და 500 პაციენტი კი არ გვყავს, არამედ, მხოლოდ 305 პაციენტი გვყავს სტაციონარში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.