ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი სამი შემთხვევის წყარო ცნობილია.
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ბოლნისის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება.
“ამ 3 ადამიანის წყარო ცნობილია, ისინი ბოლნისის სასწრაფოს ექიმებისა და სვანეთის წყაროდან არიან. ხოლო, თუ დადაასტურებულ შემთხვევებსა და გაწერილ პაციენტებს შორის მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში 313 პაციენტი მკურნალობს”,- აცხადებს ეზუგბაია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.