თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძე შეზღუდვების დაწესების ორ მოდელს განმარტავს, რომლებსაც მსოფლიო ქვეყნები იყუენებენ.
“ძალიან ბევრი აქვეყნებს პოსტებს, გვთავაზობენ სხვადასხვა მოდელებს. ძირითადად გვთავაზობენ ორ მოდელს: პირველი, მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა და გარკვეულწილად ჩვენც მივმართავთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაცვლილთა და ავადმყოფთა სიხშირე. მეორე, ლიბერალური პოლიტიკა – მოვხსნათ მკაცრი შეზღუდვები, გავხსნათ ეკონომიკა, ეს ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანა, ეკონომიკა გამოვიდეს რეცესიიდან. ჩვენ კი მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობის იმედზე ვიყოთ, რომ ისინი თვითონ დაიცავენ წესებს.
მეორე მოდელი მხოლოდ მოჩვენებით არის მომხიბვლელი. ამ გზამ არ გაამართლა ინგლისში, 13 პროცენტია სიკვდილიანობა. პოპულაციური იმუნიტეტის შეძენა რომ ეფექტური გამოდგეს, სულ ცოტა 2/3 უნდა დაავადმყოფდეს. ანუ საქართველოში 2.5 მილიონი,”- აცხადებს ცერცვაძე.
ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ვირუსის ნაკლებად გავრცელებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.
“რაც უფრო მეტად შევიწუხებთ თავს და მეტად მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოვხსნით ამას. მე იმედი მაქვს, რომ შევაჩერებთ ეპიდემიას, თუნდაც მკაცრი ზომებით, ამ საგანგებო ზომებით ჩვენ გადავიტანთ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით, რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ეს პასუხი მომეწონა და გავიმეორებ, არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით,” – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადნმინისტრაციამ საზოგადოებას ახალი შეზღუდვები გააცნო. კერძოდ, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კრონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა. აღნიშნული ინიციატივისთვის დეპუტატებს კენჭი ხვალ უნდა ეყარათ.