ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდმა კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიოს.
ეს განცხადება პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან, დიდი ხანია, ვსაუბრობთ მათთან. ჩვენ იქ ჩასვლა და ამ ყველაფრის გამოძიება გვინდა”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დასდო ბრალი. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის პანდემია ჩინეთმა გამიზნულად დაიწყო. მისივე თქმით, თუ ვირუსის გავრცელებაზე ჩინეთია პასუხისმგებელი, ამას აშშ-ის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური მოაცემების დამალვაში ადანაშაულებენ დიდ ბრიტანეთშიც. საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დარჩენილმა მსოფლიომ არ იცის.