გერმანიის მთავრობა ჩინეთს მოუწოდებს, კორონავირუსის წარმოშობასა და ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებზე რეალური ინფორმაცია გაავრცელოს.
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრმა, გერდ მიულერმა განაცხადა.
“მსოფლიო კრიზისის ფონზე ჩინეთმა უნდა აჩვენოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. განსაკუთრებით, ვირუსის წარმოშობით საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, არსებულ ვარაუდზე, რომ ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში გაჩნდა, პეკინმა განმარტება უნდა გააკეთოს.
ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იუან ჩჟიმინი, რომელმაც კატეგორიულად უარყო ვირუსის ხელოვნურად შექმნის ვერსია.
ჩჟიმინის მტკიცებით, ლაბორატორიის არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა.
“მეცნიერებმა ზუსტად იციან, რა სახის კვლევები მიმდინარეობს ლაბორატორიაში და როგორ ეპყრობიან მკვლევრები ვირუსებსა და ნიმუშებს“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დასდო ბრალი. ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური მოაცემების დამალვაში ადანაშაულებენ დიდ ბრიტანეთშიც. საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დარჩენილმა მსოფლიომ არ იცის.
ამასთან, 16 აპრილს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები წაშალა, კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიაში შემნაზე არსებულ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდეს.