ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოლნისში ვიწყებთ ძალიან ფართო ტესტირებას, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია”

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებთმ ბოლნისის რაიონში ადამიანების დაინფიცირების რისკი გაიზარდა, რამაც ქალაქის ცენტრისა და სოფელ რაჭისუბნის დაკეტვა განაპირობა.

სუბარის განმარტებით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მუნიციპალიტეტი სწორედ ბოლნისია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია.

მისივე თქმით, ბოლნისის მოსახლეობაში ფართო ტესტირება იწყება, რათა ინფიცირების ყველა შემთხვევა დროულად აღმოაჩინონ.

“აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს უხდება ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა საეჭვო კერა და ყველა დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება. ახალი ინფიცირების შემთხვევებიდან 15 ბოლნისში დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარნეულში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....