კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება.
ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
რეხვიაშვილის ცნობით, რაიონში ინფიცირების შემთხვევები უკვე მომრავლდა, რაც მაღალ რისკს ქმნის, შესაბამისად, ზომების გამკაცრებაა საჭირო.
მისივე თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში ამ დროისთვის 70 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული,.
“მთლიანად, რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გამოჯანმრთელების 9 და სამწუხაროდ, გარდაცვალების 1 ფაქტი. გუშინ, ჩვენ კაზრეთის და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გავმიჯნეთ, ვინაიდან რისკებს ვხედავდით, იქ დიდი გამოწვევაა. ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი – ბოლნისი და რაჭისუბანი. ბუნებრივია, კონტაქტები დგინდება, ნაწილობრივ დადგენილია და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ხალხი მკაცრ საკარანტინო პირობებში და თვითიზოლაციაში იყვნენ,”- აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.
ცნობისთვის, ახალი ინფიცირების შემთხვევებიდან 15 ბოლნისში დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარნეულში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.
ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.