კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” (TIM), სადაც კოორნავირუსით მედპერსონალიც დაინფიცირდა, დროებით დაიკეტა.
ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
გიორგი კაჭახიძის განცხადებით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული – 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.
“დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი – კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა კაჭახიძემ.
ცნობისთვის, დღეს კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთან მოთავსებული ორი პაციენტი, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, კლინიკა “თიმის” ექთანს კორონავირუსის ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის სასულიერო პირის, მამა გიორგი პაპავას დაა, რომელიც ასევე დაინფიცირებულია. ოჯახის წევრები მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადიან. ამ დროისთვის, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.