“მსოფლიოს ქვეყნები ახალი კორონავირუსის გაჩენის შესახებ გვიან გააფრთხილეს, რის გამოც ჩვენ ეკონომიკას დიდი ზარალი მოგვადგა. მე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ჩვენთვის უნდა ეთქვათ ამის შესახებ უფრო ადრე, ბევრად ადრე. ზოგიერთმა ადამიანმა იცოდა, რაც ხდებოდა და მათ არ სურდათ ამაზე საუბარი. არ ვიცი, რატომ, თუმცა ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით. მე არაფერს ვამბობ, ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ადამიანებს უნდა ეთქვათ ამის შესახებ ჩვენთვის და მათ უნდა ეთქვათ ამის შესახებ დანარჩენი მსოფლიოსთვის.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
7 აპრილს, ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ჯანმო” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტში დაწერა, რომ “ჯანმო” ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. 10 აპრილს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “ჯანმოს” დაფინანსების საკითხს განიხილავდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას “ჯანმო” გამოეხმაირა. ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ “თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან.”
საბოლოოდ კი, 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა.
16 აპრილს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები წაშალა, კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.