თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანა შიდა გავრცელების აქტიურ ფაზაშია და ვითარება კონტროლირებადი რომ დარჩეს, აუცილებელია, თითოეული მოქალაქე რეკომენდაციებს დაემორჩილოს.
ეზუგბაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ დარჩნენ სახლში, ვინაიდან უკვე მესამე თვეა ექიმები კლინიკებში ცხოვრობენ.
“გარკვეულწილად, შეზღუდვები ძალიან გამკაცრდა. ამ გამკაცრებას ის იწვევს, რომ თითქოს, შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს რომ არ გამყარდეს და ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. ყველას გთხოვთ, რომ აუცილებლად სახლში დავრჩეთ. ეს გვეხება თითოეულ ჩვენგანს. მესამე თვეა, ჩვენი დაწესებულება ასეთ მდგომარეობაში ვართ. დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.
ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ცნობისთვის, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.