ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა” – იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას, მთავრობის ახალი რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის და ამიტომ საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირება

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. ისინი ჩვენს გვერდით არიან და ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება მოვერიდოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ვინც აუცილებელ სამსახურში არიან, უნდა გააგრძელონ სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ოჯახებში ბრუდებიან, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ! ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 348 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....