“თუ წესები გაცილებით უფრო ნაკლებად იქნება დაცული, ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ვარაუდი, რომ უკვე 9 მაისისთვის 4 ათასზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “მაესტროს’ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„როგორც ვაკვირდებით, ჩვენი მითითებების დაცვა სრულფასოვნად არ ხდებოდა და აქედან გამომდინარე დღეს გვაქვს ჯერადული მატება და არა ისეთი დინამიური მატება, როგორც ეს, თუნდაც ერთი კვირის წინ გვქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, ეს მატება იქნება ბევრად უფრო მაღალი პროგრესიის და ასეთ შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის ჩვენ უკვე 2000 დადასტურებული კოვიდ პაციენტი გვეყოლება. თუ ეს წესები გაცილებით უფრო ნაკლებად დაცული, ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ვარაუდი, რომ უკვე 9 მაისისთვის 4 ათასზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არავის გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ იქნება, რომ დარჩეთ სახლში“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.