სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ეპიდემიოლოგებს მიმართავს. მისი თქმით, მათ ყოველდღე უნდა გაუმეორონ და აუხსნან მოქალაქეებს, ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დადგეს ქვეყანა.
“მოკლედ, კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც (მთავრობამ) და ბერმაც (ეკლესიამ) გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.
ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა! ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი – სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა!
მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!
გამოდით ბატონებო Paata Imnadze @Amiram Gamkrelidze და გაუმეორეთ ყოველდღე ეს ჩვენ მოქალაქეებს, აუხსენით ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ 2 კვირაში, დამიჯერეთ, დაგიჯერებთ თქვენ ხალხი და არავინ გაგკიცხავთ, თქვენ ხომ არც არჩევნების წაგების ან გავლენის დაკარგვის შიში არ გაქვთ. დღეს ეს თქვენი ვალი და პასუხისმგებლობაა!” – წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 69 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,949,661 მიაღწია. გარდაიცვალა 121,927 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 460,541 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.