ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს”- ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს, ამისთვის მან შესაბამისი სამსახურებისგან ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს,”- წერს ვლადიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, ჩერნობილის ზონაში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია და რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.

ჩერნობილის ზონაში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. ცეცხლი ტყეს წაეკიდა, ხანძარი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ამასთან, ჩერნობილის ატომურ სადგურთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რადიაციის დონემ იმატა.

5 აპრილს უკრაინის პოლიციამ, ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

 

იტვირთბა....