პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საზოგადოების მხრიდან ყველა რეკომენდაცია შესრულდება, მაისიდან ზომების მოხსნა ეტაპობრივად შესაძლებელი გახდება.
ამის შესახებ არჩილ ტალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირველ რიგში, თანამოქალაქეების ჯანმრთელობა დაიცვას.
“კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები და პირობები განუხრელად თუ შესრულდება და ყველა მოქალაქე ჯანდაცვის სამსახურებს დავეხმარებით, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი ეფექტურად იყოს განვლილი, სადაც პიკია მოსალოდნელი, მაშინ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ მაისიდან ზომების მოხსნა ეტაპობრივად დავიწყოთ იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც მიმდინარე მონაცემები მოგვცემს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან პირველ ეტაპზე გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები არაა იმის გარანტია, რომ შემდეგი ეტაპი იქნება დაბალი გავრცელების.
“ის, რომ საქართველომ მოახერხა და შეძლო პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი იქნება დაბალი გავრცელების პირობებში მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ყველა ღონისძიება გავატარეთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.