“მუნიციპალიტეტში პაციენტები არ გვყავს, პაციენტები გვყავს კლინიკაში. კლინიკაში COVID 19-ით დადასტურებული 25 პაციენტია, მათ შორის ერთის მდგომარეობა, რომელიც უკვე 10 დღეა, რაც კლინკაშია, არის მძიმე, თუმცა სტაბილური მიმდინარეობის. დანარჩენთა მდგომარეობა არის საშუალო ან საშუალოზე ნაკლები სიმძიმის”
ზაალ მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი
TV პირველი, ვახო სანაიას “დღის ამბები”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ჯამში ვირუსით 252 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 401.