აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია.
ამავე საავადმყოფოში გუშინ კორონავირუსით დაინფიცირდა ხანდაზმული ქალი, რომელიც კლინიკაში სხვა ჩივილებით იყო მოთავსებული – ამის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა განაცხადეს.
ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში შიდა გადაცემის ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.
ქობულეთის სამედიცინო კლინიკა ამ დროისთვის უკვე დაკეტილია.
დღეს, 12 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი ჩაკეტეს. სოფლებში მისასვლელ გზებს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ჯამში ვირუსით 252 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 401.