მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.
„დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთვევაში იყო საკმაოდ ფართე წრე კონტაქტების და, შესაბამისად, გვიწევს, სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.
გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული.
252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.