“ყველას ყურადღება ეკლესია-ტაძრებისკენაა და შიშით ველოდებით მომდევნო კვირებს. მინდა გითხრათ, რომ რელიგიური რიტუალების გარეშეც არაა საქმე სახარბიელოდ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის ორ კლინიკაში კარანტინის გამოცხადების ფაქტს ეხმაურება.
“ინფიცირებულთა ასეთი დაბალი რიცხვის პრიბებშიც კი, ამ კვირაში თბილისის 2 კლინიკა მოხვდა კარანტინში. ეს ძალიან საგანგაშოა!
ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ COVID-19-ისთვის გამოყოფილ რამდენიმე კლინიკას, მაგრამ ამ დროს პაციენტთა ნაკადების არასათანადო მართვისა და უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დანერგვის გამო ინფექცია გვეპარება სხვა საავადმყოფოებში.
ინფიცირებულთა ასეთი დაბალი რიცხვის პირობებში რომ ეს ხდება, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს. და რასაც მთავრობის დღევანდელ უმოქმედობას ვუყურებ, რატომ უნდა მქონდეს იმედი, რომ არ მოიმატებს?
23 მარტს დავწერე ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეს-მეთქი. 29 მარტს დავწერე, ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ-მეთქი. მას შემდეგ, რაც ვნახეთ როგორ მოხდა პაციენტთა მართვა მარნეულში, მერე თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, მერე ბათუმში, ახლა უკვე თბილისის 2 კლინიკაში, რა უნდა მაძლევდეს იმედს?
– ყველა საავადმყოფოში უნდა იყოს სწრაფი ტესტები!
– ყველა საავადმყოფოს პერსონალი უნდა იყოს სათანადოდ ეკიპირებული!
– ყველა საავადმყოფოს პერსონალი უნდა გადიოდეს მუდმივ ტრენინგს!
ინფიცირებულთა დაბალი რიცხვები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. და ხალხი სახლში იმიტომ არ ზის და იმიტომ არ იღებს უზარმაზარ ეკონომკურ ზარალს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე ბაზისური საჭიროებები ვერ უზრუნველყოს”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკის ყველა თანამშრომელი კარანტინში მოექცა.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ჯამში ვირუსით 252 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 401.