„კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არცერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ბოლო 48 საათის წინ მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, დასჭირვებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, საბედნიეროდ, ამ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია სტაბილურია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. დღეს ველოდებით ხუთ ადამიანის გამოჯანმრთელებას”
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.