ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლენტეხში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი” – სახელმწიფო რწმუნებული

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„გასულმა ღამემ საკარანტინო სივრცეში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა თვითიზოლაციის დარღვევა, ახალი სიმპტომები გამოვლენილი არ არის, მაქსიმალური კონტროლი და მეთვალყურეობა ვრცელდება პირველად კონტაქტებზე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფელ მეჟეში ოჯახების დეზინფექცია. ამ მომენტისთვის კარანტინში 5 000-მდე ადამიანი იმყოფება, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 5 გვაქვს.

რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, ეს არ იგეგმება, ისედაც გამკაცრებული მგდომარეობაა, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. რადგან თვითიზოლაციის ფაქტების დარღვევა არ ხდება და მოსახლეობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ხვდება ამ გამოწვევებს, კიდევ უფრო გამკაცრება, ან კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ამ ეტაპზე არ იგეგმება“, – აცხადებს არჩილ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება.  გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.

 მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....