თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება და ეს პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ჩვენთან გუშინ გვიან, როცა ჩატარდა ტესტირება, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთი პაციენტი დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. სულ ჩვენ 35 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და საერთოდ გატარებული გვაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა ცენტრში. აქედან 38-ია ჩვენთან განკურნებული, ხოლო ქვეყანაში 54-ია ჯამში განკურნებული.
დიდი ხანია, ეროვნული ბანკის კონტაქტები გამოკვლეულია. იმიტომ ხდება დადასტურება ეროვნულ ბანკში მომუშავე პირების, რომ კონტაქტები კარგად არის გამოკვლეული, მოძიებული, მერე კვლევა ჩატარებული და დადასტურებული შემთხვევები შემოდის ცენტრში.
ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, რადგან კონტაქტი იყო ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევასთან. აქედან გამომდინარე, მასთან როცა გამოვლინდა ტემპერატურა, რაღაც ჩივილები, მაშინვე გადმოყვანილ იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დავადასტურეთ ამ პაციენტთან „კოვიდ-19“. მისი მდგომარეობა, საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.