ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაციენტებს, რომელთაც ვირუსის მიმდინარეობისას გადატანილი აქვთ მძიმე პნევმონია, რჩებათ ფილტვის ფიბროზი” – გოგინავა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ამჟამად არსებული კვლევების თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსი პაციენტებზე სამუდამო კვალს არ ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გოგინავამ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

“ამ ეტაპზე გამოიკვითა, რომ პაციენტებს, რომელთაც ვირუსის მიმდინარეობისას გადატანილი აქვთ მძიმე პნევმონია, რჩებათ ფილტვის ფიბროზი, ანუ როდესაც ფილტვის ჯანმრთელი ქსოვილი, რომელიც სუნთქვაში მონაწილეობს, გარდაიქმნება შემაერთებელ ქსოვილოვან ნაწილად. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ არის გამოსადეგი და აღარ მონაწილეობს სუნთქვის პროცესებში.თუმცა ბევრ პაციენტში ფიბროზი ნელ-ნელა თვითონ იწყებს ალაგებას, ანუ პაციენტებს ფიბროზის კვალი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ რჩებათ. განსაკუთრებით აქტიურად კი ეს პროცესი ჯანმრთელ, შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში დაავადების მიმდინარეობს. ფიბროზი, ზოგადად, პნევმონიას ახასიათებს და ეს არ არის მხოლოდ Covid-19-ის ბრალი. ჯერ არ გამოკვეთილა, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ რაიმე ლაბორატორიული მონაცემები, რაც იყო დარღვეული, ისევ ასე დარღვეულად დარჩენილიყოს. იმ პაციენტების ორგანიზმში, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე გამოჯანმრთელდნენ, ვირუსმა კვალი არ დატოვა, მაგრამ მათ, რომლებმაც მძიმე პნევმონია გადაიტანეს, აღენიშნებათ მცირე ფიბროზული ცვლილებები, თუმცა ეს დინამიკაში კლებადია.” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 54 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....