საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ვითარების პროგნოზირება რთულია, თუმცა მსოფლიო მონაცემების ანალიზით პანდემიის რამდენიმე სცენარი – შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები განიხილება.
“ყველას აინტერესებს, თუ როგორია პროგნოზი – მსოფლიო მონაცემების გათვალისწინებით სხვადასხვა სცენარები განიხილება. ძირითადად, ეს არის შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში მაისის ბოლოს – ივნისისთვის შესაძლებელია მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, და შემდეგ უკვე კლებადი ტენდენციის ჩამოყალიბება. მეორე ვერსიაა, რომ ამან შეიძლება უფრო ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს და თვეები დასჭირდეს, სანამ შემთხვევების რაოდენობა წავა მილევად რეჟიმში. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რომ ყველა სცენარისთვის ვიყოთ მზად. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყველაზე რთული სცენარებისთვისაც კი მოვამზადოთ ქვეყანა და ჩვენი სამსახურები; დაბეჯითებით წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი – რთულია.” – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 211 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,455,955 მიაღწია. გარდაიცვალა 83,666 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309,825 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.