ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვანის გასასვლელებში საგუშაგოები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეებს თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანის ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის დაინფიცირებას უკავშირდება.

მისივე თქმით, ინფიცირებულის ყველა კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ვანის რაიონის ადგილობრივ მაცხოვრებელს დაუდასტურდა. 75 წლის ქალი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, ხოლო ვირუსზე ჩატარებულმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამ დროისთვის, ინფიცირების წყარო უცნობია.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა, 9 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.

 

იტვირთბა....