ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანა მოსალოდნელ კრიზისს მოუმზადებელი ხვდება..” – ვახტანგ კალოიანი

“იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო უმოკლეს ვადებში ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას არ დაიწყებს, შედეგები დრამატული იქნება” – ამის შესახებ, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა მოსალოდნელ კრიზისს მოუმზადებელი ხვდება და მთავარ პრობლემად ტესტირების პროტოკოლის არასრულყოფილებას და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის ნაკლებობას ასახელბს

“ეს ვითარება გვაჩვენებს პრობლემას არასაკმარისი ტესტირებების. აქ საუბარი არ არის საყოველთაო ტესტირებაზე, ქუჩაში ტესტირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყოს ის ჯგუფები ადამიანების, რომლებიც არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენი არიან პაციენტები სიმპტომებით, ექიმები და მის მოვლაში ჩართული ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, დასუფთავების სამსახური, ისინი, ვისაც ძალაუნებურად უწევთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუშაობა და ესენი არიან კარანტინშია და იზოლაციაში მყოფი პირები. აქაც თავისი წესები აქვს ტესტირებას, მაგრამ ზოგადი პრობლემა ჩანს ორი – პირველი ეს არის ტესტირების პროტოკოლის არასრულყოფილება და მეორე შემთხვევაში კოლეგების ნაკლები ინფორმირებულობა ამ დაავადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სოციალური სივრცე აქვს მოცული კორონავირუსს და ვხუმრობთ კიდეც, რომ სხვა მედიცინა რეალურად დაგვავიწყა კორონავირუსმა, ამის მიუხედავად სისტემური ორგანიზებული წვრთნა და მომზადება სამედიცინო პერსონალის სამწუხაროდ დღემდე არ ჩატარებულა. ჩატარდა გადამზადება იმ სამ სათაო კლინიკაში, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში. ახლა დაიწყო გადამზადება პირველადი ჯანდაცვის ექიმების. სისტემის სხვა ნაწილები რეალურად მომზადების თვალსაზრისით მოშიშვლებულია.

სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ჯანდაცვის სამინისტროს მზაობას და აქტიურობას აგრესიული ტრენინგების მიმართ. ტრენინგები არ უნდა ჩერდებოდეს, ეს ცენტრალიზებულად უნდა კეთდებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სწრაფად, პროფესიონალების მაქსიმალური ჩართვით. ტრენინგებზეა დამოკიდებული არამარტო ჯანდაცვის სისტემის გამართულობა, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მე ცოტა მკვეთრი ვიქნები, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრენინგების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 195 პაციენტით თავმოწონების საფუძველი აღარ გვექნება იმდენად დრამატულ შედეგებს მივიღებთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენ დღეს ვიწყებთ კრიზისში შესვლას და ასე მოუმზადებელი ამ კრიზისში შესვლა ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 196 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 46 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,379,040 მიაღწია. გარდაიცვალა 78,114 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 294,399 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....