ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილას ვართ და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა, რაც სწორი ნაბიჯების შედეგია.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამავე მონაცემით, ქვეყანას მსოფლიოში 109 ადგილი უკავია და მას მხოლოდ ისეთი სახელმწიფოები ჩამორჩება, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არაა ცნობილი.

“საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მხრივ აქვთ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი და ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპის, ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი და ისლანდია.

მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 45 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა,სამი პაციენტი კი – გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

იტვირთბა....