დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით მედპერსონალი კიდევ დაინფიცირდება, ვინაიდან პაციენტთან მუშაობისას ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა ძალიან ძნელია.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მედპერსონალი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფშია, ამიტომ მათი დაინფიცირება ყველა ქვეყანაში ხდება.
“მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომაც ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს, მათ შორის, არის როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე არიან ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მით უმეტეს, გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით. ოდნავი დარღვევაც კი პირად დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში, შეიძლება, გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, დღეს“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან და მათ მსუბუქი დიაგნოზი აღენიშნებათ.
როგორც ცნობილია, ჰოსპიტალის თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის ქალთან და ინფიცირების წყაროდ სწორედ ეს განიხილება.