ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით” – ეკატერინე ტიკარაძე

“ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით”, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ქრონიკული დაავადებები და „კოვიდ“ ინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობაც, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევას იმისათვის, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად ამ კლასტერში არიან თუ არა კიდევ დამატებით ინფიცირებულები. დღეის მდგომარეობით, გვყავს 157 ინფიცირებული. აქედან 28 არის გამოჯანმრთელებული და არის ერთი გარდაცვალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა გაამხნევა ექიმები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

„წარმატებები მინდა, ვუსურვო ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა, გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ჩვენ ორიენტირებული.

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს, ისევე, როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს. ადგილზე ვნახულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით, თუ რა საჭიროებებია, რომ ისინი იყვნენ აღჭურვილი, რათა მოემსახურონ პაციენტებს უსაფრთხოდ. ასევე, ვეცნობით ყველა იმ დეტალურ მონაცემებს, რა საჭიროებები არის ექიმების თავდაცვის კუთხითაც საჭირო. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია ამის შესახებ, ისინი გეგმავენ, რომ სამშაბათს უკვე შეძლებს სტაციონარი გარკვეული პაციენტების მიღებას, ეტაპობრივად გაიზრდება როგორც სტაციონარის სიმძლავრე, ასევე მისი შესაძლებლობები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-მდეა გაზრდილი.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება. ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....