“გვყავს, სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება“
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, ამ დროისთვის გიორგი გახარია აჭარაში იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.