ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებით სამედიცინო აღჭურვილობას ითხოვს.
„ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ეს ვირუსი. ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მოველოდით.
დაგვეხმარეთ აქ, ნიუ-იორკში, მიიღეთ გამოცდილება, ინვენტარი, ცოდნა და შემდეგ ყველა ერთად დავეხმაროთ სხვა ადგილს. ეს იქნება ჭკვიანური ეროვნული მიდგომა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ნიუ-იორკის შტატი 75 795 ინფიცირებულით პირველ ადგილზეა აშშ-ში. შტატში ამ დროისთვის 1 550 პაციენტია გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.