“თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა პაციენტი განიკურნება. აზრი იმის შესახებ, რომ „კოვიდი“ მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“
ლევან რატიანი – თსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება რატიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.
საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.