ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ რამდენიმე ქალაქის შესასვლელში მგზავრთა გადაადგილების კონტროლი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები  საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც  დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ,  მიუღებელია.”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

 

იტვირთბა....