შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები.
როგორც მინისტრი აცხადებს, ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია, რადგან იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.
„იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან. ვითარება ამ ეტაპზე არის საკმაოდ რთული, მაღალი რისკებია აფხაზეთის რეგიონში იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული , სოციალური დისტანცირებით დასრულებული. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის. რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.
აფხაზეთის რეგიონიდან გადმოყვანილია ერთი 50 წლამდე ქალბატონი, სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში. ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, თუმცა ამ ქალბატონს ჩაუტარდა ტესტირება და საღამოსათვის გვეცოდინება, არის დადებითი თუ უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე, რის შემდეგადაც უკვე მივიღებთ დამატებით ზომებს. რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით ასეთი მზაობა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა და ჩვენ ვცდილობთ ამ პარტნიორის მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას ძალიან მძიმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და გავატაროთ გარკვეული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც ხვალიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 18 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.