თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 67 პაციენტი მკურნალობს. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა, მათგან 17 დადასტურებულად ინფიცირებულია “კოვიდ-19”-ით, ხოლო 50 საეჭვო შემთხვევაა.
“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი. მათ მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა”, – განაცხადა ლევან რატიანმა მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი რჩება.
გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.