ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის კარანტინიდან საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს

საჩხერეში არსებული საკარანტინო ზონებიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო, ორი პირი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.

ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში სულ 515 პირი იმყოფება, მათან თვითიზოლაცია 18-მა პირმა დაასრულა.

ამ დროისთვის საჩხერის კარანტინში 54 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის საკარანტინო ზონაში იმყოფება 220 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ 90, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში კი, ამ დროისთვის მხოლოდ 13 მოქალაქეა.

ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება მარნეულის მკვიდრი 26 პირი ხარაგაულში და 28 – თერჯოლაში.

შეგახსენებთ, ბოლო  მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 13 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხოლო, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.

25 მარტიდან სპეციალისტები კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმებას ახორციელებენ. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

 

 

იტვირთბა....