თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.
„გუშინ დილის მონაცემების შემდეგ, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, არის 77 შემთხვევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.