ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად, დოლარი 40%-ით გაძვირდა” – ჭიჭინაძე

„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად, დოლარი 40%-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა, რადგან მაშინ, როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არა მგონია, ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს”, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

“ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?! კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ. ეს ხომ საგანგებო სიტუაციაში გასატარებელი ღონისძიებებია?! მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის დანგრეული ეკონომიკა, რომელიც ამ კრიზისის შემდეგ შეგვრჩება.

მით უმეტეს, როდესაც სახეზეა რეალობა, როცა ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ბანკებისთვის ადამიანებს 3 თვის კი არა, 10 თვის პროცენტის გადახდა მოუწევთ დოლარში და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ზის და შემოსავალი ლარში არ ეზრდებათ.

ამიტომ, ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის ვინ, სად ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს;

უმნიშვნელოვანესია, სოფლის მეურნეობის განვითარება; გადასახადებისს დაწევა კონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები.

ეს ყველაფერი კი იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ როდესაც კორონავირუსის კრიზისი გადაივლის, ადგილობრივი წარმოება შევინარჩუნოთ, მოვახდინოთ მისი განვითარება; არა მარტო შევინარჩუნოთ ის მცირე სამუშაო ადგილები, რაც დღეს გაგვაჩნია, შევქმნათ ახალი. მთავარი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 3.4494 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა 3.7436 ლარად არის შესაძლებელი.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....