ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“მეორე-მესამე კატეგორიის პროდუქტზე ფასები ძალიან გაძვირდება ამ კურსის შენარჩუნების პირობებში” – ივა ჭყონია

“ლარმა არა მარტო ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, არამედ ყველა ზღვარს გადავიდა”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ გააკეთა.

ჭყონია, ლარის გაუფასურების ძირითად ფაქტორებს შორის, ახალი კორონავირუსის გამო პანიკურ შესყიდვებს, ტურიზმის სექტორისა და ფულადი გადმორიცხვების შეჩერებას ასახელებს.

“ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ძალიან მარტივია, რადგან ყველაფრის მეტრი არის ეროვნული ვალუტა. ლარმა ისტორიულ ნიშნულსაც მიაღწია და გადავიდა ყველა ზღვარს აბსოლუტურად. პირველი ადგილი დავიკავეთ მსოფლიოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ახალი კორონავირუსია. გაუფასურება გამოიწვია პანიკურმა შესყიდვებმა. აგრეთვე არის მოთხოვნა გაზრდილი მარაგებთან დაკავშირებით. გაცილებით მეტი შეკვეთები აქვთ გაკეთებული იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანიებს იმისთვის, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მარაგები არსებობდეს. არის საუბარი 2-3 თვის მარაგზე, რათა უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ პროდუქცია მოსახლეობას. გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი არის ანუ ისიც, რომ ჭარბი ვალუტა გაედინება.

ტურიზმზე ვიყავით დამოკიდებული და პირველადი შემოდინების თემა ჩვენთვის იყო ტურიზმი. ალბათ, ექსპორტიც რაღაც კუთხით შეჩერებულია და ამანაც დაგვარტყა. შეჩერებულია ასევე ფულადი გადმორიცხვებიც, ესეც პრობლემაა. ეს ყველაფერი ერთად დაემთხვა და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკაც და ეროვნული ვალუტაც”, – აცხადებს ივა ჭყონია.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება მეორე-მესამე კატეგორიის პროდუქტზე ფასების გაძვირებას გამოიწვევს.

“9 კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვება, ფასები არ გაძვირდება, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ არ გაძვირდეს ფასები მეორე-მესამე კატეგორიის პროდუქტზე. ეროვნული ვალუტის ამ კურსის შენარჩუნების პირობებში, პროდუქტებზე ფასები ძალიან გაძვირდება. თუ კურსმა ჩამოიწია, ნაკლებად გაძვირდება პროდუქტი. მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურობისკენ უნდა წამოვიდეს უახლოეს პერიოდში გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბი შესყიდვები უკვე გაკეთებულია და ძირითადი თანხმები უკვე გაედინა. ამიტომ, რაღაც კუთხით, ალბათ, სტაბილურობისკენ წამოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ეს ნიშნული არ იქნება კარგი. შეიძლება 3.5 არ იყოს, მაგრამ იყოს 3.3, რაც იმის საფუძველს არ იძლევა, რომ სხვა პროდუქტზე, გარდა ამ ცხრა პროდუქტისა, ფასები არ გაძვირდება”, – აღნიშნა ჭყონიამ, რომლის თქმითაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მუშაობა.

“პარალელურ რეჟიმში, მნიშნველოვანია, რომ კოორდინირებულად იმუშაოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, რათა გამოსავალი ნახონ. ერთია, რომ ხორციელდება ინტერვენციები, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მიზნობრივი და დროული. ყველა ინტერვენცია შედეგიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ პარალელურად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმუშავებს. თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ იმუშავებს პარალელურ რეჟიმში, უბრალოდ წყალში გადაყრილი იქნება ფული.

ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ქმედებას. ეროვნული ბანკის მოქმედება არის დროებითი, ანუ ლარის, პირობითად ვამბობ, სასუნთქ აპარატზე მიერეთების შემდეგ, თუ ეროვნულმა ვალუტამ მკურნალობა არ გაიარა რეანიმაციაში და არ გადავიდა პალატაში, მხოლოდ ეროვნული ბანკი მას ვერ უშველის”, – უთხრა “მეტრონომს” ივა ჭყონიამ.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 3.4494 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა 3.7436 ლარად არის შესაძლებელი.

“კოვიდ-19”-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....