ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრაზე იმყოფებიან “ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება “გახარია-საქართველოსთვის”, გიორგი გახარია ფერიდუნ სინირლიოღლუს ცალკე შეხვდა.
ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედაზე უარი თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმა.
მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” არალეგიტიმურობისა, ეუთოს მდივანი მაინც შეხვდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს.
მათი თქმით, “რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა”.
“დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხირდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა.” – წერია განცხადებაში.