დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენაა, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
“ყველა ტესტს თავისი გამოყენების სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველა ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება. და რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ და როდის გამოვიკვლევთ, ეს ყველაფერი მოსახლეობას ეცნობება”,- აცხადებს იმნაძე.
იმნაძე კიდევ ერთხელ განმარტავს სოციალური დისტანციის პირობებს და ადამიანებს მოუწოდებს, არსებული რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.
“სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს ძირითადად რა შემთხვვებიც გვაქვს, არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა შევამციროთ კონტაქტი ოჯახის წევრებს შორისაც და ახლო მეგობრებს შორისაც. დისტანცია რომ დავიცვათ, კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ 1,5 მეტრი, ხოლო დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”,- აცხადებს პაატა იმნაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამსი ინფიცირებულტა რიცხვი 73 გახდა. ინფექციისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.