ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, წუხელ გვიან ღამით, 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელზე, ნანა ოდიშარიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნება.

ნანა ოდიშარიას განცხადებით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

პაციენტს სინჯები აუღეს, რომელიც კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....