დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ხვალ დილით საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზრდება – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთრში განაცხადა.
„ეპიდემიას ვერ ავცდებით იმიტომ, რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კვლევაში რამდენიმე ნიმუშია და შესაძლოა მათგან ნაწილის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდეს.
“კვლევაში არის კიდევ რამდენიმე ნიმუში და წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.
.