ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს გვაქვს ძალიან კარგი შანსი, პიკი გადავავადოთ და კორონავირუსის ეტაპობრივი გავრცელება გვქონდეს”, – თამარ გაბუნია

“დღეს გვაქვს ძალიან კარგი შანსი, პიკი გადავავადოთ და კორონავირუსის ეტაპობრივი, თანმიმდევრული გავრცელება გვქონდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

„იმგვარი, რომელიც ყველა შემთხვევის ძალიან წარმატებით მართვის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს არის რეალური შანსი და ვფიქრობ, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. უკვე საკმარისი გამოცდილება დაგროვდა, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ დისტანცირებას შეუძლია, ეპიდემიის გავრცელების რისკი ხუთჯერ და მეტად შეამციროს. პირობითად, თუ სოციალური დისტანცირების გარეშე პიკი 5 000 შემთხვევაზე იქნება, სოციალური დისტანცირებით პიკი გვიან დგება და ეს შეიძლება, 1500 შემთხვევა იყოს. ამ ყველაფერს პირობითად ვამბობ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია ჯანდაცვის უწყება ექიმებს ურჩევს, თავი მაქსიმალურად დაიცვან, გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები და პაციენტი იზოლირებული იყოს.

„ექიმებს ვურჩევთ, ყველა სიცხის შემთხვევაში ისე მოიქცნენ, თითქოს, ეს იყოს კორონავირუსის საეჭვო, ან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ მათ ვურჩევთ, მაქსიმალურად დაიცვან თავი, გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები და პაციენტი იზოლირებული იყოს. მეტი სიცხიანი პაციენტების მართვისთვის უკვე პატარა, რაიონულ საავადმყოფოებში იზოლირებული სივრცეების მოწყობაზე ვფიქრობთ, რათა სიცხიანი პაციენტების ადრეული და სწორი შეფასება მოხდეს. რა თქმა უნდა, ამაში ტესტირების შესაძლებლობის გაფართოებაც დაგვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

იტვირთბა....